თომას მანი "იმედის გაცრუება"

თომას მანი
პაულ თომას მანი (გერმ. Paul Thomas Mann; დ. 6 ივნისი 1875ლიუბეკიგერმანია — გ. 12 აგვისტო 1955ციურიხიშვეიცარია) — გერმანელი მწერალი, ესეისტი, ეპიკური რომანების ოსტატი, ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში(1929), ჰაინრიხ მანისძმა, კლაუს მანისა და ერიკა მანის მამა.

წარმომავლობა და ბავშვობა 

პაულ თომას მანი დაიბადა მდიდარე ლიუბეკელი მოვაჭრის თომას იოჰან ჰაინრიხ მანის ოჯახში. ოჯახის უფროსი ამავდროულად საქალაქო საბჭოს სენატორის თანამდებობაც ეკავა. თომასის დედა, იულია მანი, ქალიშვილობაში და სილვა–ბრუნსი, წარმომავლობით ბრაზილიელი იყო. თომასის ოჯახი საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო. მას ჰყავდა ორი ძმა და ორი და: უფროსი ძმა, ცნობილი მწერალი ჰაინრიხ მანი (1871-1950), უმცროსი ძმა ვიქტორი (18901949), და იულია (18771927, თვითმკვლელობა) და კარლა (18811910, თვითმკვლელობა). მანების ოჯახი შეძლებული იყო და თომასის ბავშვობა უზრუნველი და ბედნიერი იყო.
1881 წელს თომასის მამა სისხლის გათეთრებით გარდაიცვალa. მისი ანდერძის თანახმად გაიყიდა ოჯახის საწარმო და მანების სახლი ლიუბეკში. მეუღლესა და შვილებს მოუწიათ მიღებული თანხის პროცენტებზე ცხოვრება.


კარიერის დასაწყისი


მამის სიკვდილის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად მიუნხენში გადავიდა, სადაც თომასმა 1933 წლამდე დაჰყო. 30–ანი წლების შუაში თომასი და ჰაინრიხი იტალიაში გაემგზავრნენ და 2 წლის მანძილზე პალესტრინაში ცხოვრობდნენ.
1901 წელს გამოვიდა თომას მანის პირველი რომანი "ბუდენბროკები".
1905 წელს ქორწინდება კატარინა პინგსჰაიმზე, ცნობილ ებრაელ ინტელექტუალთა ქალიშვილზე.
1929 წელს მანი ხდება ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში რომანისთვის "ბუდენბროკები"

პოლიტიკური შეხედულებები და ემიგრაცია


1930 წელს თომას მანმა გაგზავნა საჯარო წერილი ბერლინში სახელწოდებით "მოწოდება ჯანსაღი აზრისკენ", სადაც მან გააკრიტიკა ნაციზმი და მუშათა კლასი დაიცვა. ამ თემას მან კიდევ რამდენიმე ესე და ლექცია მიუძღვნა. 1933 წელს, როცა ნაცისტურმა რეჟიმმა საბოლოოდ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, თომასი მეუღლესთან ერთად შვეიცარიაში ისვენებდა. ნაცისტური პოლიციის მიერ თომასის დევნის დაწყების შემდეგ, ვაჟმა კლაუსმა სთხოვა მამას არ დაბრუნებულიყო გერმანიაში. თომასმა გადაწყვიტა თავი აერიდებინა მოსალოდნელ პრობლემებს და მეუღლესთან ერთად ციურიხში დასახლდა. მოგვიანებით ჰიტლერის რეჟიმის დროს მანის ბევრი წიგნი, განასკუთრებით "ბუდენბროკები", დაწვეს.
1939 წელს აშშ–ში გადაბარგდა, სადაც ბევრ სხვა ემიგრანტთან ერთან პრინსტონის უნივერსიტეტში დაიწყო მოღვაწეობა. 1942 წელს ოჯახი ქალაქ პასიფიკ–პალისეიდზში დასახლდა, ხოლო 1944 წელს თომას მანმა აშშ–ს მოქალაქეობა მიიღო.

ევროპაში დაბრუნება


მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ–ში თომასის ცხოვრება გართულდა. დაიწყო მისი დადანაშაულება სტალინის რეჟიმის მხარდაჭერაში.
1952 წელს მანების ოჯახი ევროპაში დაბრუნდა და ციურიხის მახლობლად ქალაქ კილხბერგში დასახლდა. თომასი აღარ დაბრუნდა გერმანიაში, თუმცა ბევრ მოგზაურობდა იქ. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი გერმანიაში 1949 წელს შედგა გოეთეს 200 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებების დროს.
1955 წელს თომას მანი ციურიხის საავადმყოფოში გარდაიცვალა ათეროსკლეროზისგან. მწერალი დასაფლავებულია ქალაქ კილხბერგის სასაფლაოზე.

სამწერლო სტილი

მანი ინტელექტუალური პროზის ოსტატია. თავის მასწავლებლებად იგი რუს მწერალ–რომანისტებს – ლევ ტოსტოისა და ფიოდორ დოსტოევსკის მიიჩნევდა. თანმიმდევრული, დეტალიზირებული, დინჯი თხრობის მანერა თომასმა მართალ მე–19 საუკუნის ლიტერატურიდან შეითვისა. თუმცა რომანების შინაარსი მეოცე საუკუნისთვისაა დამახასიათებელი. თომას მანის რომანების წამყვანი პრობლემებია: მოახლოებული სიკვდილის შეგრძნება ("სიკვდილი ვენეციაში", "ჯადოსნური მთა"), სიკვდილსიქითა სამყაროს სიახლოვე ("ჯადოსნური მთა", "დოქტორი ფაუსტუსი"), ძველი სამყაროს წყობის ნგრევა. ყველა ეს თემა ხშირად საბედისწერო სიყვარულის თემასთანაა გადაჯაჭვული. შესაძლოა, ეს გამოწვეული იყო მწერლის ფსიქოანალიზით დაინტერებით (წყვილი ეროსი – თანატოსი).


                      "იმედის გაცრუება"

უნდა გამოგიტყდეთ ერთი უცნაური კაცის ნაამბობმა სულით–ხორცამდე შემაძრწუნა და ვშიშობ, იქნებ, ახლა, ვერც შევძლო იმგვარად გადმოვცე მისი ნაამბობი, რომ სხვებიც ჩემსავით ააღელვოს. ვინ იცის, იქნებ ჩემზე იმ უცნაურმა გულახდილობამაც იმოქმედა, რაც სრულიად უცნობმა კაცმა გამოიჩინა.
ის ცნობი პირველად ამ ორიოდე თვის წინ, შემოდგომის ერთ დილას შევნიშნე პიაცა სან მარკოზე. ვრცელ მოედანზე ცოტა ხალხი იყო. დიდებული შენობის თავზე, რომლის მდიდრული, ზღაპრული კონტურები და ოქროს სამკაულები თვალწარმტაცად ელვარებდნენ  ნაზი ფირუზისფერი ცის ფონზე, მსუბუქი ზღვაური დროშებს აფრიალებდა. მთავარ შესასვლელთან პატარა გოგონა საკენკს უყრიდა ირგვლივ მორიალე მტრედებს, რომელთა ახალ–ახალი გუნდები ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ. საოცარი, შეუდარებელი საზეიმო სანახაობა იყო.
აქ შევხვდი პირველად იმ უცნობ ადამიანს და ახლაც, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, საკვირველი სიცხადით მიდგას იგი თვალწინ. უცნობი საშუალო სიმაღლის ძლივს იქნებოდა. დადიოდა სწრაფად, წელში მოხრილი, ორივე ხელში ჩაბღუჯული ჯოხი ზურგს უკან ეჭირა. შავი ქვაბქუდა ეხურა, მუქზოლიანი შარვალი ეცვა და ღია ფერის წამოსსასხამში იყო გახვეული. მე იგი რატომღაც ინგლისელად მივიჩნიე. უცნობი შეიძლება ოცდაათი წლის ყოფილიყო, შეიძლება ორმოცდაათის. მიმქრალი ნაცრისფერი თვალები, მომსხო ცხვირი და სუფთად გაპარსული სახე ჰქონდა. ბაგეებზე მუდამ გაურკვეველი, შეცბუნებული კაცის ღიმილი დასთამაშებდა. დროდადრო წარბებს აზიდავდა, ირგვლივ მიმოიხედავდა, შემდეგ ისევ მიწას დააშტერდებოდა, რაღაცას ჩაიბურტყუნებდა, თავს გაიქნევდა და გაიღიმებდა.
იმ დღიდან მოყოლებული უცნობს თვალს არ ვაშორებდი. ეტყობოდა, სხვა საქმე არ აწუხებდა და ყოველთვის მოედანზე სეირნობდა. დარსა და ავდარში, შუადღესა თუ ნაშუადღევს, ყოველთვის მარტო, ყოველთვის უცნაურად მოღიმარი, ორმოცდაათჯერ მაინც ჩაისერინებდა პიაცა სან მარკოზე.
იმ დაუვიწყარ საღამოს მოედანზე სამხედრო ორკესტრი უკრავდა. მე კაფე „ფლორიანის“ ერთ–ერთ მაგიდას ვუჯექი, რომელიც პირდაპირ მოედანზე გამოეტანათ. კონცერტი რომ დამთავრდა, შეჯგუფებულმა ბრბომ დაშლა დაიწყო. უცნობი, როგორც ყოველთვის, უმიზეზოდ მომღიმარე, ჩემს გვერდით, ახალგათავისუფლებულ მაგიდას მიუჯდა.
დრო გადიოდა. ირვლივ სიჩუმე ისადგურებდა. კაფე დაცარიელდა. მოედანზე აქა–იქ თუ გაიჭაჭანებდა ვინმე. დიდებული სიმშვიდე გამეფდა. ცა ვარსკვლავებით მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული ფასადის თავზე ნახევარმთვარე დაეკიდა.
მე, ჩემი მეზობლისკენ ზურგშექცევით ვიჯექი და გაზეთს ვკითხულობდი. ის იყო წასვლა დავაპირე, რომ სულმა წამძლია და მისკენ ოდნავ შემოვბრუნდი. უცნობი, რომელიც აქამდე ხმას არ იღებდა,მოულოდნელად ალაპარაკდა
–თქვენ პირველად ხართ ვენეციაში, ბატონო ჩემო?–მომმართა დამტვრეული ფრანგულით. სანამ ინგლისურად გაპასუხებას მოვახერხებდი, მან სუფთა გერმანულ ენაზე გააგრძელა ლაპარაკი. უცნობს დაბალი ხმა ჰქონდა და ყელის ჩასაწმენდად ხშირად ახველებდა – თქვენ ყველაფერ ამას პირველად ხედავთ? გაგიმართლდათ კი მოლოდინი? იქნებ მეტს არც ელოდით? ჰა ! ეგებ უფრო ლამაზად არც გქონდათ წარმოდგენილი? ასეა ხომ? იქნებ ამას მხოლოდ იმიტომ ამბობთ, რომ გინდათ თქვენი ბედნიერება შეშურდეთ?უცნობი უკან გადაიხარა და თან დამაკვირდა, რაღაც გაურკვეველი გამომეტყველება ჰქონდა და თვალებს სწრაფად ახამხამებდა.  უხერხული დუმილი ჩამოვარდა. უკვე აღარ ვიცოდი, ეს უცნაური საუბარი როგორ უნდა გაგრძელებულიყო და ხელახლა წამოდგომა დავაპირე. უცნობი მოულოდნელად ჩემკენ გადმოიხარა–იცით თუ არა, ბატონო ჩემო, რა არის იმედის გაცრუება? – შემეკითხა იგი წყნარად და დაჟინებით, თან თავის ჯოხზე ორივე ხელით დაეყრდნო. – პატარა, უმნიშნელო ხელის მოცარვა კი არა, დიდი საერთო იმედის გაცრუება, რომელსაც ცხოვრება ადამიანს უმზადებს! ეს თქვენ არ გეცოდინებათ, მე კი ახალგაზრდობიდან მისი მეგზური ვარ და ამან ეული, უბედური და უნდა გამოვტყდე, ცოტა უცნაურიც კი გამხადა. შეგიძლიათ კი გამიგოთ, ბატონო ჩემო?  მაგრამ, ალბათ, ორიოდე წუთი ყურადღევას არ დამიმადლით, ორიოდე წუთით, რადგან გულგატეხილობის გამოხატვას, თუკი საერთოდ შესაძლებელია ეს, დიდი დრო არ სჭირდება.
ნება მიბოძეთ, მოგახსენოთ, რომ გავიზარდე პატარა ქალაქში, პასტორის ოჯახში, ჩვენი სახლი ზემდეტად სუფთა ოთახებში ძველმოდური, პედანტური სწავლულობის ოპტიმიზმი სუფევდა. იქ ყველაფერი სუნთქავდა საეკლესიო კათედრისათვის დამახასიათებელი რიტორიკით, ბრტყელ–ბრტყელი ფრაზებით სიკეთესა და ბოროტებაზე, მშვნეიერებასა და სიმახინჯეზე. როგორ მძულს ყოველვე ეს, რადგან მხოლოდ ამ სიტყვებს მიუძღვის ბრალი ჩემს ტანჯვაში.
ჩემთვის ცხოვრება მხოლოდ ამ ბრტყელი ფრაზებისგან შედგებოდა, რადგან წუთისოფლის არაფერი გამეგებოდა, გარდა ხელშეუხებელი, ბუნდოვანი წარმოდგენისა. რომლებსაც ჩემში ეს სიტყვები იწვევდა. ადამიანებისგან მხოლოდ ღვთიურ სიკეთეს ან შემაძრწუნებელ ბოროტებას ველოდი. ცხოვრებისგან მე მოველოდი ზეაღმტაც სიმშვენიერეს ან უკიდურეს სიმახინჯეს. და ყოველივე ამის დ აწაფების სურვილმა შემიპყრო. შემიპყრო შიშნარევმა სწრაფვამ სინამდვილისკენ, განცდისკენ, სულერთია, ეს ნათელი ბედნიერება იქნებოდა თუ ენით აუწერელი წარმოუდგენლად საშინელი ტანჯვა.
ბატონო ჩემო, მე მაგონდება პირველი იმედის გაცრუება ჩემს ცხოვრებაში. გთხოვთ გამიგოთ, რომ ეს არ ყოფილა რაიმე მშვენიერის იმედის გაქარწყლება. ეს იყო  დიდი უბედურების დასაწყისი. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა მამისეულ სახლში ღამით ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მთელ შენობას მოედო. მე პირველმა შევნიშნე ცეხლის ენები და მახსოვს, მთელი სახლი ყვირილით შევძარი : ცეცხლი! ცეცხლი!
ზუსტად მახსოვს ეს წამოძახლი, ვიცი რა გრძნობაც ედო ამას საფუძვლად, თუმცა მაშინ გარკვევის თავი არ მქონდა. „ეს არის ცეცხლის სტიქიონი, შევიგრძენ მე უნებურად– აი, უკვე განვიცდი მას, მაგრამ ნუთუ ხანძარი ამაზე საშინელი არ არის, ნუთუ სულ ეს არის?“
ღმერთმა ხომ იცის, ეს უბრლო ამბავი არ ყოფილა. მთელი სახლი დაიფერფლა. ოჯახი ძლივს გადარჩა ხიფათს, ხოლო მე საკმაოდ დავშავდი. სწორი იქნებოდა იმის თქმა თითქოს ჩემს ფანტაზიას მშობლიური სახლის დაწვა უფრო შემაძრწუნებლად ჰქონდა წარმოდგენილი, ვიდრე სინამდვილეში მოხდა, მაგრამ ჩემს არსებაში ჩასახული იყო გაურკვეველი წინათგრძნობა, უსხეულო წარმოდგენა, რაღაც  უფრო მეტი საშინებელისა და ამასთან შედარებით სინამდვილემ ძალა დაკარგა. ხანძარი იყო ჩემი პირველი დიდი განცდა, რომელმაც გააქარწყლა საშინელების მოლოდინი.
არ შეშინდეთ, ბატონო ჩემო, არ ვაპირებ ყოველი ჩემი გაწბილება სათითაოდ ჩამოგითვალოთ. საკმარისია ვქვა, რომ დაუოკებელი ეჭვით შეპყრობილმა, პოეტების ნაწარმოებებიდან შევითვისე ცხოვრებისგან რაღაც დიდის მოლოდინი. ეჰ, მე შემძულდნენ ეს პოეტები, რომლებიც თავიანთ მაღალფარდოვან სიტყვებს აბნევენ ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ. ხოლო რომ შეეძლოთ ვეზუვში ჩაწობილი  კედრით მიაწერდნენ ცის კაბადონს თავიანთ სიბრძნეს. მე კი არ ძალმიძს ყოველი ასეთი სიტყვა დიდ სიცრუედ ან ბოროტ დაცინვად არ მივიჩნიო. აღფრთოვანებულმა პოეტებმა მიმღერეს, ადამიანის ენა ღარიბიაო. არა, ბატონო ჩემო, არა! ენა, ჩემი აზრით, მდიდარია, აუწერლად მდიდარია, ცხოვრების შეზღუდულობისა და უმწეობასთან შედარებით. ტკივილს აქვს თავისი საზღვრები: ფიზიკურს– გულის წასვლამდე, სულიერს – სიგიჟემდე, ბედნიერებაც ასევეა. ადამიანთა ურთიერთგაგებინებამ კი ბგერები გამოიგონა, რომლებსაც მოტყუებით მივყავართ ამ საზღრებს მიღმა. განა ჩემი ბრალია, რომ ეს სიტყვები ზურგის ტვინამდე ჩამდევს და ისეთ წარმოდგენას მიღვიძებს, რაც საერთოდ არ არსებობს?
მე ყბადაღებულ ცხოვრებაში შევიჭერი, ჩემი წინათრგრძნობების შესატყვისი განცდების წყურვილით სავსე. ღმერთო მიშველე, ეს განცდები ბედმა როდი მარგუნა. მე დავხეტიალობდი დედამიწის ქებული ადგილებისა და ხელოვნების ქმნილებათა სანახავად, რომელთა წინაშე მოწიწებით იხრიდა ქედს კაცობრიობა. მე ვმდგარვარ ამ ქმნილებათა წინ და მითქვამს: მშვენიერია! და მაინც, ნუთუ არ არსებობს ამაზე მეტი მშვენიერება? ნუთუ ეს არის ყველაფერი?
მე არაფერი გამეგება ფაქტობრიობის. ალბათ, ის ყველაფერს ხსნის. ერთელ, სადღაც, უძირო უფსკრულის პირას ვიდექი. კედლები შიშველი და ციცაბო იყო, ძირს კი წყალი ეხეთქებოდა ლოდებს. ვიცქირებოდი ქვევით და ვფიქრობდი: რა მოხდება, რომ გადავვარდე–მეთქი. ეს რომ მომხდარიყო, ჰაერში ალბათ ჩემს თავს ვეტყოდი: აი, ვვარდები, ეს ფაქტია! მერე რა?
დამიჯერებთ თუ არა, საკმაოდ ბევრი უბედურება გადავიტანე იმისათვის, ასეთი საუბარი, რომ შემძლებოდა. დიდი ხნის წინ მიყვარდა გოგონა, ნაზი და უმანკო არსება. თუკი მოისურვებდა, თვალისჩინივით გავუფრთხილდებოდი, სიკვდილამდე მფარველობას გავუწევდი, მაგრამ მას არ ვუყვარდი. არაფერია აქ საკვირველი, სხვას ერგო წილად მისი სიყვარული. არსებობს განა ამ ვნებათაღელვასთან გადაჯაჭვულ გულისტკივილზე გამანადგურებელი რამ? რამდენი ღამე გამითენებია თეთრად და ყველაზე სამწუხარო, ყველაზე საწამებელი აზრი მაინც ერთი იყო, ეს მართლაც უდიდესი ტკვილია! და აი, მე განვიცდი ამ ტკივილს! მაგრამ… კაცმა რომ თქვას რა არის მერე ეს?
განა ღირს ჩემს ბედნიერებაზეც მოგითხროთ? ბედნიერებაც განმიცდია, მაგრამ აქაც გამიცრუვდა მოლოდინი. ამის მოყოლა არც არის საჭირო, რადგან ეს უხეში მარგალიტები ვერ ხსნის ცხოვრების არსს, მის მდორე, უინტერესო და უფერულ სრბოლას, რამაც იმედი გამიცრუა, იმედი.
„რა საბრალოა ადამიანი, ეს განდიდებული ნახევარღმერთი,–წერს ერთგან ახალგაზრდა ვერტერი,– განა ადამიანს სწორედ იქ არ ღალატობს ძალა, სადაც ყველაზე მეტად სჭიდრება მხნეობა, განა სწორედ მაშინ არ უბრუნდება ყრუ, ცივ განსჯას, როცა იგი სიხარულითაა შეპყრობილი, ან ვნებაშია ჩაძირული და უსასრულობის განცდაში ჩაკარგვისკენ მიისწრაფვის?“
მაგონდება ის დღე, როცა პირველად ვიხილე ზღვა. იგი უზარმაზარია, უკიდეგანო. ჩემი მზერა ნაპირს გასცდა და ხსნის იმედი დამებადა, მაგრამ შორს ჰორიზონტმა უზარმაზარი ზღვაც შემოფარგლა, რად მინდოდა ჰორიზონტი, როცა ცხოვრებისგან უსასრულობას მოველოდი?
შეიძლება ჩემი ჰორიზონტი უფრო ვიწროა, ვიდრე სხვა ადამიანებისა? მე გითხრათ, რომ მაკლია ფაქტების გაგების უნარი, ან იქნებ გაზვიადებული აზრი მაქვს მასზე, იქნებ მალე მეცლება ძალა, იქნებ მალე მთავრდება ჩემთვის ყველაფერი? ნუთუ ბედნიერებასა და ტკივილს მხოლოდ უდაბლეს ხასირსხში, მხოლოდ დაკნინებულ მდგომარეობაში ვიცნობ?
მე ეს არ მჯერა; არც იმ ადამიანების მჯერა, რომლებიც ცხოვრებასთან პირისპირ დგომისას პოეტების ამაღლებულ სიტყვებს ეფარებიან, – ეს სიმხდალეა და სიცრუე.
ბატონო ჩემო, ალბთ შეგიმჩნევიათ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისე მედიდურნი, ისე მოწყურებულნი  არიან ღრმა პატივისცემას და სხვებში მესურნეობის გაღვიძებას, რომ თავს დებენ, თითქოს მხოლოდ უდიდესი ბედნიერება განუცდიათ და არასოდეს დატანჯულან.
ბნელა და თქვენ ძლივსღა მისმენთ. დღეს კიდევ ერთხელ მინდა ვაღიარო, რომ მეც მქონდა შემთხვევა, ასეთ ადამიანებთან სიცრუე მეთქვა, რომ საკუთარი თავისთვის და სხვებისთვის თავი ბედნიერად მომეჩვენებინა, მაგრამ კარგა ხანია დამემსხვრა პატივმოყვარეობა და სულ მარტო დავრჩი, უბედური და ცოტა უცნაურიც კი გავხდი.
ახლა ღამით ცაზე ვარსკვლავებს ვაკვირდები. ეს ჩემი საყვარელი საქმიანობაა, განა ეს საუკეთესო საშუალება არ არის ამ ქვეყნიური ცხოვრებისგან მოსაწყვეტად? განა არ მეპატიება, რომ შესაძლებლობას ვიტოვებ, ჩემი წარმოდგენები შევინრჩუნო. ვიოცნებო თავისუფალ ცხოვრებაზე, სადაც სინამდვილე, ჩემი ფანტაზიის შესაბამისად გულგატეხილობის მტანჯავი ნაშთის გარეშე ხორციელდება იმ ცხოვრებაზე, სადაც აღარ არსებობს ჰორიზონტი?
ვოცნებობ ამაზე და ველი სიკვდილს. ეჰ კარგად ვიცი, რომ ეს იქნება ჩემი უკანასკნელი იმედის გაცრუება. მჯერა, უკანასნელ წუთებში ვეტყვი ჩემს თავს : ეს არის სიკვდილი? აი ესეც!  კაცმა რომ თქვას რა არის მერე ეს?
მაგრამ მოედანზე აცივდა, ბატონო ჩემო, მადლობა ღმერთს ამის შეგრძნება მაინც გამაჩნია, ჰი–ჰი! უმორჩლესად გეთხოვებით, 
adieu!
                                                                                                                    1896 წელი

Comments

Popular posts from this blog

ედგარ ალან პო "ანაბელ ლი" - Annabel Lee BY EDGAR ALLAN POE

"ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს დუმილი ოქროი რჩეული" (ამჯერად ვერცხლი სჯობს)

გოდერძი ჩოხელი - "მოხევის სადღეგრძელო"