ალბერტ კამიუ - "სიცოცხლის სიყვარული"

სიცოცხლის სიყვარული პალმაში , ღამით , ცხოვრება ბაზრის უკან , კაფე - შანტანების უბანში გადაედინება : ჩაბნელებული , მდუმარე ქუჩები , კაფეების დარაბებიან კართა მიღმა კი სინათლე და მუსიკა . თითქმის მთელი ღამე გავატარე ერთ ასეთ კაფეში . დაბალჭერიანი პატარა დარბაზი , ოთხკუთხედი . მწვანედ შეღებილი , ვარდის კონებით მორთული . ხით გაწყობილ ჭერზე ციცქნა წითელი ნათურები . საოცარია , როგორ ეტეოდა ამ პატარა სივრცეში ორკესტრი , ფერად - ფერადი ბოთლებით სავსე ბარი და მუშტრები , ერთმანეთს მიჭყლეტილი , ისე , რომ ნემსიც ვერსად ჩავარდებოდა . მაგიდებს მხოლოდ მამაკაცები უსხდნენ . ცენტრში , ორმეტრიანი თავისუფალი არე . მიმტანი ერთი ბოლოდან მეორეში ბოთლებს და ჭიქებს დაარბენინებდა . ყველა ერთხმად ღრიალებდა , თითქოს ჭკუიდან გადავიდნენო . ვიღაც საზღვაო ოფიცერი ალკოჰოლით გაჟღენთილ სისულელეებს ზედ პირში მახლიდა , უასაკო ქონდრისკაცი კი საკუთარ ცხოვრებას მიყვებოდა . ძალიან დაძაბული ვიყავი და არაფერი მესმოდა . ორკესტრი რაღაცას უკრავდა ...