გოდერძი ჩოხელი "ზანგი"

ჩემი სოფლელები მემდურიან , მოთხრობებს სულ სიკვდილზე წერ და სიყვარულზე კი ჯერ არაფერი დაგიწერიაო . მე ვერ დავარწმუნე ისინი , რომ თვითონ სიკვდილია უდიდესი სიყვარული . არაო : ჩვენ სიყვარულზე გვინდა მოთხრობებიო , არ იშლიან თავისას . კარგი , რახან ასე სწამთ , მე შევასრულებ მათ თხოვნას და ამ პატარა მოთხრობას სიყვარულს ვუძღვნი . ზოგიერთები ისე ბერდებიან და მიწაში ისე ჩადიან , გუდამაყარს არ გასცილებიან . მარტო ოცნებაში უმოგზაურიათ ამ ცამდის აწვდილი მთების მიღმა . იმათ გადმოცემით იციან , რომ საქართველოს გარდა დედამიწის ზურგზე უამრავი სხვა ქვეყანაა კიდე და უამრავი ხალხი ცხოვრობს ამ ცისქვეშეთში . ყურმოკრული აქვთ , რომ არსებობს ქვეყანა , სადაც შავი ადამიანები ცხოვრობენ . რატომღაც სჯერათ , რომ ლილიპუტების ქვეყანაც არსებობს .