Posts

Showing posts from November 20, 2011

ისევ დუმბაძე - "პირველი საუბარი ღმერთთან"

Image
საიქიოდან მობრუნებულს არ ჰგავს ეს უბედური ?! ხალხური ჯერ საშინელი ჭახანი გავიგონე , მერე მილიცელის სტვენა და ბოლოს ვიაცის აღტაცებული შეძახილი : „ აუჰ , რა ავარიაა !!!“ მეტი არაფერი . საოპერაციო მაგიდაზე რომ დამდეს , საქმე პირდაპირ ღმერთთან დავიჭირე . საიქიო თითქმის არაფრით განსხვავდება სააქაოსგან . ის კია , საიქიოშ ტრანსპორტი არ არის , თუ მხედველობაში არ მივიღებთ ერთადერთ ეტლს , რომლითაც დღე და ღამე ილია წინასწარმეტყველი დახრიგინობს და კაციშვილს არ სვამს შიგ .

გურამ რჩეულიშვილი – "ნელი ტანგო"

Image
 საუბარი ცეკვის დროს ცურვის დროს თითქმის არასოდეს არა ფიქრობენ, განსაკუთრებით - როცა მკლაურით მიდიან. ალბათ, ამიტომ მიყვარს ცურვა და ყველაზე მეტად მკლაური. სოხუმის საცურაოზე ცალთვალა სომეხი ემიგრანტი გიტარას აკვნესებდა. ჩარდახის ქვეშ გახურებული ქაღალდის თამაში იყო. სილაზე, შუა მზის გულზე, უღმერთოდ იხრუკებოდნენ რუსები. გიტარა კი უკრავდა. პატარა თორმეტი წლის იგორი შევარდა წყალში და სუფთა, დამუშავებული მკლაურით გაცურა. მისი ფეხები შეუწყვეტლივ, თანაბარი სიჩქარითა მუშაობდნენ. მარცხენა მკლავის მოსმისას სახის ნახევარს წყლიდან იღებდა და ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, მერე ისევ წყალში ყოფდა ამოსასუნთქად, თან მარჯვენას უსვამდა. ხელები გამართული და მოდუნებული ეშვებოდნენ.

9 შეკითხვა სიყვარულის შესახებ

Image
1 - უკაცრავად. თქვენი სახელი? - გოჩა. - გვარი? - ჩიფიკაშვილი. - რამდენი წლისა ხარ, გოჩა? - თექვსმეტის. - შეყვარებული თუ გყავს? - შეყვარებული? - ჰო, რა იყო, რაზე გეცინება? - რავი აბაა! - რა ჰქვია? - ვის? - შენს შეყვარებულს. - არ ვიცი. - როგორ, სახელი არ იცი? - არა, მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი და ისიც შორიდან. - როგორ ფიქრობ, რა არის სიყვარული? - რავი აბაა! მე მგონი მარადიული მონატრებაა. . .

გურამ დოჩანაშვილი "სამოსელი პირველი"

Image
 საშინლად ეძინებოდა, ძლივს იმაგრებდა დამძიმებულ თავს. კიდევ კარგი, რომ იჯდა მაინც – იმოდენა აღმართის შემდეგ დაღლილ, გადატყავებულ ფეხებს ასვენებდა. აქ, ხეზე ამძვრალს, ძაღლებიც ვერ შესწვდებოდნენ, თუმცა, ყეფა არც გაუგონია. ცოტათი გამხნევდა და იქვე მოშივდა. უბეში ჩაიყო შეციებული თითები და პურის ყუა ამოაძვრინა. ნელა, აუჩქარებლად ილოღნებოდა—ასე იზოგავდა სიამოვნებას, მაგრამ ერთი ბეწო პური იყო და ჩქარა შემოეჭამა. უფრო აეშალა საღერღელი, სოფელს მიაჩერდა, სადაც საჭმელი უნდა ეშოვა. ოდნავ გამოიკვეთა სახლები, ისევ შეათვალიერა მიდამო და უცნაურმა შიშმა შეიპყრო: მდევრებისა კი არ ეშინოდა, სულ სხვა რაღაცის—მაინც რა საოცრად, როგორ თენდებოდა!.. უნახავს კია როდესმე ისეთი უცნაური, მკვეთრად გამოხატული ფოთლები, ანდა ისეთი მყარი მესერი თუ უნახავს, იმ ბინდბუნდში თვალნათლივ რომ იკრეფდა ძალას...როგორ მოცურავდნენ ხეები ძალიან შორიდან, ლოდებიც რა დინჯად ამოდიოდნენ მიწიდან, ისეთი საშიში სიოც თუ უნახავს სადმე, გამთენიისას რომ სცოდნია, და სიოს აყოლილი მკრთალი ჩრდილების მიწაზე ბოგინიც რა უცნაური და შემაშფოთებელი...