გოდერძი ჩოხელი "ზანგი"

ჩემი სოფლელები მემდურიან, მოთხრობებს სულ სიკვდილზე წერ და სიყვარულზე კი ჯერ არაფერი დაგიწერიაო. მე ვერ დავარწმუნე ისინი, რომ თვითონ სიკვდილია უდიდესი სიყვარული. არაო: ჩვენ სიყვარულზე გვინდა მოთხრობებიო, არ იშლიან თავისას. კარგი, რახან ასე სწამთ, მე შევასრულებ მათ თხოვნას და ამ პატარა მოთხრობას სიყვარულს ვუძღვნი.


ზოგიერთები ისე ბერდებიან და მიწაში ისე ჩადიან, გუდამაყარს არ გასცილებიან. მარტო ოცნებაში უმოგზაურიათ ამ ცამდის აწვდილი მთების მიღმა. იმათ გადმოცემით იციან, რომ საქართველოს გარდა დედამიწის ზურგზე უამრავი სხვა ქვეყანაა კიდე და უამრავი ხალხი ცხოვრობს ამ ცისქვეშეთში. ყურმოკრული აქვთ, რომ არსებობს ქვეყანა, სადაც შავი ადამიანები ცხოვრობენ. რატომღაც სჯერათ, რომ ლილიპუტების ქვეყანაც არსებობს.


თუმცა, რატომ დავიწყე ასე. მე ხომ სიყვარულზე ვწერ.

ათნოხელ დავითას ისეთი ლამაზი ქალიშვილი წამოეზარდა, რომ დღე არ გავა, მთხოვნელები არ მიუვიდნენ კარებზე. ქალიშვილს მარიკა ჰქვია. ვინღა არ მოდის სათხოვნელად.

ჩოხში ძალიან გამდიდრდნენ შუღლიანი. შუღლას ორიათასამდე სული ცხვარი დაუდის საძოვრებზე. მწყემსები ჰყავს დაქირავებული. თვითონაც დღედაღამ ცხვარშია. ამ ბოლო ხანებში ბიჭი წამოესწრო. ბიჭს დათიკო ჰქვია.

ახოობა დღეს დათიკოსა და მარიკას ერთურთის სიყვარული ჩაუვარდათ გულში, მაგრამ შუღლაი დადგა უარზე, ათნოხელი დავითაი ღარიბი, უქონელი კაცია და შუღლაი მდიდარ მოკეთეს ეძებს.

დათიკომ მარიკა მოიტაცა და შუღლაიც შეურიგდა ბედს. აქამდის რძალი ნანახი არა ჰყავდა და ეხლა რომ დაინახა მარიკას სილამაზე, გული დასწყდა, რატომ ვიდექი უარზეო.

მთელი ზაფხული ერთად გაატარეს დათიკომ და მარიკამ. ბიჭი ერთი წუთითაც ვერ სცილდებოდა ცოლს. ისე შეებოჭა მარიკას სილამაზეს, ნაბიჯს ვეღარა სდგამდა ამ სილამაზის გადაღმა.

შემოდგომის მიწურულს მარიკას ბავშვი უნდა ჰყოლოდა. ასეთ დროს ჩოხელი დედაკაცები ჩოხიდან სხვაგან მიდიან. სოფელ ჩოხში აკრძალულია ქალის მშობიარობა. მარიკა მამის სახლში წავიდა.

ერთი კვირის თავზე ათნოხში თოფის სროლა ატყდა. მარიკას ბიჭი ეყოლა. დათიკომ სირბილით აიარა ათნოხის აღმართი. იმის ცოლეურთ კარებზე აუარება ხალხს მოეყარა თავი და რაღაცას ჩურჩულებდნენ ერთიმეორეში. დათიკოს დანახვაზე შეკრთნენ, რატომღაც შორს დადგნენ და დაეჭვებული მზერა გააყოლეს. დათიკოს არ ესიამოვნა ეს. გულში გაიფიქრა, მარიკას ხომ არაფერი გაუჭირდაო და სიდედრიც რომ შეშფოთებული დაინახა, დაიყვირა:

- რა მოხდა!

- ბიჭი გეყოლა, - უთხრა სიდედრმა.

- მარიკა როგორ არის?

- კარგად.

- მაშ რას ჩამოგტირით თავ-პირი?

გახარებული დათიკო სიმამრთან გაიქცა. დავითაი სახლის ბანზე იჯდა მარტო და მიწას ჩაჰყურებდა.

რა დაემართ ამ ხალხს!“ - გაბრაზდა დათიკო.

- რა მოხდა, აღარ იტყვით? - ჰკითხა დავითას.

- ბიჭი გეყოლა, - თქვა დავითამ.

- მერე რას დარდობთ!

- ზანგი დაიბადა.

- რაა?!

- შავია, როგორც ნახშირი. ნახშირზე უფრო შავია.

დათიკო სამშობიარო ბოსლისკენ გაიქცა და თითქმის ძალად შეამტვრია კარები. დედაკაცები არ უშვებდნენ მარიკასთან.

- მოჰკლავს! მოჰკლავს! - მოესმა მათი შეშფოთებული ჩურჩული დათიკოს, მარიკასთან რომ შედიოდა.

ქმრის დანახვაზე წამოიწია მწოლარე მარიკამ და გაიღიმა. დათიკო ერთ ადგილზე გააჩერა ამ ღიმილმა.

- სად არის? - ამის თქმაღა მოახერხა.

მარიკამ ბიჭს გადახედა. ახალდაბადებულს ნახშირივით შავი პირისახე გამოუჩნდა. მარიკამ დახედა მას და ისევ გაიღიმა. ახლა კი გადარია ამ ღიმილმა დათიკო და ცოლისაკენ გაიწია საცემნელად.

- შემარცხვინე არა! გამათახსირე ხომ! მოგკლავ მე შენი!

მარიკას მეზობლებმ ძლივს გაათრიეს გადარეული დათიკო. იმან გარეთ კარგა ხანს იბობოქრა. ზანგზე გამცვალეო - აყვედრიდა მარიკას. თუმცა თვითონაც არა სჯეროდა თავისი ნათქვამი. სად უნდა ენახა ზანგი მარიკას, ის ხომ გუდამაყარს არ გაცილებია და აქ კიდევ ზანგი არასოდეს მოსულა. თან ეჭვი თავისას სჩადიოდა - მაშ, საიდან და როგორ ეყოლა ზანგი. ყვირილით რომ გული იჯერა, მარიკას მშობლებს გამოუცხადა: თქვენი კახპა ქალი თქვენვე გყავდეთ, მე მაგის წამყვანი აღარა ვარო და წავიდა.

ამ ამბავმა ელვასავით დაიარა გუდამაყრის ხეობაში და უცებ გაუტყდა მარიკას სახელი. მარიკას ადრინდელი მთხოვნელები უფრო მეტს შვრებოდნენ, ათას ჭორს უგონებდნენ მარიკას.

მარიკამ ორივე ხელში ანთებული სანთლები დაიჭირა, მუხლისკვერი მოიყარა და ასე ჩოქით გავიდა ქმრის სოფელში. ხელში ანთებული სანთლებით ხატის წინ გაჩერდა და დაიფიცა:

- ღმერთო ძლიერო, სამართლის გამჩენო, შენ ხომ მოწმე ხარ, რომ მე ზანგი თვალითაც არ მინახავს და დათიკოს გარდა არავისთან ვყოფილვარ.

მთელი სოფელი შორიდან უყურებდა მუხლებზე დაცემულ მარიკას. ამ დროს საიდანღაც შუღლაი გამოჩნდა და კეტი დაარტყა დაჩოქილ რძალს. მარიკას უცებ გასცვივდა სანთლები და თავგატეხილი ბალახებში ჩაემხო პირქვე. ხალხი გონს მოვიდა და შუღლაი გაათრიეს იქით. მარიკა ასწიეს და ისევ ათნოხში წაიყვანეს. ერთ თვემდე ლოგინში იწვა მარიკა და გვერდიდან არ იშორებდა შვილს. ეშინოდა, მომიკლავენო.

დათიკო აღარასოდეს მობრუნებულა მის წასაყვანად. გუდამაყრელებს გამოცანად დარჩათ ეს ამბავი. თვითონ მარიკასაც აოცებდა, ზანგი რომ ეყოლა. ზოგიერთებმა დაიჯერეს კიდეც, რომ კანონიერი მამა დათიკო იყო, მაგრამ მაინც ეჭვის ჭია დადიოდა მთელ ხეობაში.

მარიკას მშობლები ლოგინად ჩაცვივდნენ და მთელი ჯაფა მას დააწვა. კაცივით თიბავდა, ზამთრისათვის შეშას ამზადებდა ტყეში და თან შვილს არ იცილებდა გვერდიდან. რატომღაც ეშინოდა. თუმცა თვითონ ბადრი დაარქვა ბიჭს სახელად, მაგრამ ყველა ზანგს ეძახდა.

პატარა ზანგმა პირველად ხუთი წლისა რომ გახდა, მაშინ დაინახა თავი სარკეში და გაუკვირდა სიშავე.

მოიწყინა პატარა ზანგმა. მალვით იბანდა ხოლმე პირს საპნით, იქნებ გავთეთრდეო. მერე თანდათან აიბუეს ბალღებმა: - ზანგო, ზანგო, ზანგის შვილოო, არ ასვენებდნენ.

- დედი, რატომ ვარ ზანგი? - ეკითხებოდა მარიკას.

- იმიტომ, რომ საყვარელი ხარ, - ეტყოდა მარიკა და გულში ჩაიკრავდა აცრემლებული. მერე სკოლაში მიიყვანა და იქ მთლად დააკარგვინეს ბიჭს მოსვენება ბალღებმა. აღარ შეეძლო მეტი. დილით წავიდოდა სკოლაში, გზიდან ტყეში გადაუხვევდა და ელოდებოდა, როდის ამოივლიდნენ სკოლიდან ბალღები, რომ სახლში გაჰყოლოდა. ყველა გაურბოდა, არავინ ამხანაგობდა მასთან და გულჩათხრობილი გახდა. რომ წამოიზარდა, დედას ამოუდგა მხარში და შრომა შეუმსუბუქა. მარტო მარიკას ესმოდა მისი კეთილი გულისა.

ტანი აიყარა, დავაჟკაცდა. მაინც ყველას გაურბოდა.

ერთ დღეს სიყვარული ესტუმრა და იმ დღის მერე აღარ მოასვენა.

სკოლის მასწავლებლის გოგო შეუყვარდა. მასწავლებელს ქმარი ციხეში ჰყავდა და რომ გამოვიდა, იმის შიშით გოგოს ახლომარეთ ვერავინ ეკარებოდა. ქალიშვილს მზია ერქვა. ოქროსფერ ნაწნავებზე თეთრ ბაფთებს იკეთებდა და ყველაზე მეტად ეს მოსწონდა ზანგს.

იტანჯებოდა. იცოდა, ამაო იყო მისი სიყვარული და მეტი აღარ შეეძლო. საათობით იწვა გულაღმა და საკუთარ არსებობაში ამღერებულ სევდას ისმენდა. დარდობდა. აღარ შეეძლო მეტი. ბოლო დროს გულში დაუწყო სიყვარულმა ჩიტივით ფრთხიალი. გამუდმებით გულზე იდებდა ხელს. მარიკას ეშინოდა, ამდენს დარდობს და ალბათ გული ასტკივდაო.

რაღაც უცნაურად აუფართხალდა იმ დღეს გული მზიაზე ფიქრში. ერთი კვირა ასეთ ყოფაში იყო. მერე ოდნავ გადაეხსნა მკერდი და გულთან ვარდის ბუჩქი გამოეზარდა.

შეეშინდა. პირველად დედასაც დაუმალა ეს ამბავი.

ვარდი თანდათან გაიზარდა და გაიშალა - იმხელა გახდა, რომ ტანისამოსი არარ უფარავდა და გაუმღავნა დედას.

მარიკა თან შეშფოთდა, თან რაღაც სიხარული იგრძნო მისმა გულმა. ბიჭს უფრო და უფრო უყვარდებოდა მზია და ვარდიც იფურჩქნებოდა. როცა მოიწყენდა, რაღაცაზე ბევრს რომ იდარდებდა, ჭკნობას იწყებდა ვარდიც. ერთ დღეს იმდენი იდარდა თავის უიღბლო სიყვარულზე, თითქმის მთლიანად ჩაჭკნა ვარდი. ახლა ესაც დაედარდა.
ვარდის დამჭკნარი ფურცლები გულზე ეყრებოდა.

უცებ საიდანღაც ბულბული მოფრინდა, ვარდის ბუჩქზე დაჯდა და ისეთი გალობა წამოიწყო, ბიჭს უცებ გაულაღდა გული. გამხიარულდა. თანდათან გაიშალა ვარდიც. ბულბული მღეროდა სიყვარულზე. ოდნავ ნაღვლიანი ხმა ჰქონდა.

იმ დღის მერე მასთან დარჩა ბულბული. და როგორც კი ბიჭი თავის უიღბლო სიყვარულზე იდარდებდა გულში, ვარდი ჭკნობას იწყებდა, ბულბული მაშინვე წამოიწყებდა სიყვარულის საგალობელს და ბიჭს გული ულაღდებოდა.

ერთ დღეს ვეღარ მოითმინა და გზაზე დაუხვდა მზიას. ქალიშვილი მარტო მოდიოდა.

- მზია! - აუკანკალდა ბიჭს ხმა.

- რა გინდა? - აგდებულად უპასუხა ქალიშვილმა.

- გინდა ბულბულის სიმღერა მოგასმენინო?

- არაფერიც არ მინდა შენი, - იწყინა გოგომ.

- მე შენ მიყვარხარ! - წამოსცდა ბიჭს.

გოგო გაკაპასდა, ეს რა მაკადრეო და ტირილით გაიქცა სახლში.

ბიჭი ადგილზე იდგა გაოგნებული.

მისკენ მომავალ მზიას მამას მოჰკრა თვალი. კაცს თოფი ეჭირა და მისკენ მორბოდა.

- ესღა მაკლია, ახლა გზაში დაუხვდე ჩემ გოგოს, შე ნაბიჭვარო! - წაისისინა მზიას მამამ და ამის მერე დაიგრიალა თოფმა.

ბიჭი გზაზე ჩაიხვია.

მარიკას ძროხებში მიედინა თოფის ხმა და სოფელში გამოიქცა. სახლში რომ მოვიდა, დერეფანში მოგროვილ ხალხს შორის თავის ბიჭს მოჰკრა საკაცეზე დასვენებულს თვალი და გული წაუვიდა.

ხალხმა ტანსაცმელი გაუხსნა ბიჭს და ვარდის დანახვაზე დაიბნენ. ვარდის ტოტზე ბულბული იჯდა და ისე ნაღვლინად მღეროდა, იქ მყოფთ ყველას ცრემლი მოერია.

სოფლის საფლავებთან ოდნავ განაპირას, შემაღლებულ გორზე დაასაფლავეს ზანგი. ბულბული აღარ ჩააყოლეს, ცოცხალია, მიწაში როგორ ჩავატანოთო და იქვე ნათხარ მიწაზე შემოსვეს. ვარდი კი თან ჩაჰყვა.

მოიწყინა მარტოდ დარჩენილმა ბულბულმა. აღარც მღეროდა. აღარც მიფრინავდა.

გაიარა რამდნეიმე კვირამ და მიწის ზემოტ ამოიზარდა ის ვარდი. გაიშალა, გაიფურჩქნა, გახარებული შემოჯდა ზედ ბულბული და შემოსჭექა საგალობელი მარადიული სიყვარულისა. საგალობელი, რომელიც ზესკნელს და ქვესკნელს აერთიანებს.

ჩემი სოფლელები მაპატიებენ, აქ რომ ვერ დავწერე სიყვარულის ის საგალობელი, რომელსაც ზანგის საფლავზე მღერის ბულბული.

ამ მოთხრობის დაწერასაც მაპატიებენ - ეს ამბავი ხომ ნამდვილად მოხდა მათ შორის.

და ალბათ იმასაც მაპატიებენ, გვერდი რომ არ ავუარე სიკვდილს. მე მაინც მჯერა, რომ თვითონ სიკვდილი უდიდესი სიყვარული, რადგან სიცოცხლესა და მას შორის მარადიული სიყვარულის ვარდი ყვავილობს.

Comments

Popular posts from this blog

ედგარ ალან პო "ანაბელ ლი" - Annabel Lee BY EDGAR ALLAN POE

"ბრძნად მეტყველებაი ვერცხლი არს დუმილი ოქროი რჩეული" (ამჯერად ვერცხლი სჯობს)

გოდერძი ჩოხელი - "მოხევის სადღეგრძელო"